ოზურგეთში, სახალხო დღესასწაული „ალეგრობა“ აღინიშნა. ღონისძიებას ოფიციალურ პირებთან ერთად, სმარტ კაპიტალ ჯგუფის და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მეუღლესთან – ნანა გოთუასთან ერთად სტუმრობდა. ღონისძიებაზე სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობები მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ტრადიციული გურული კერძები და გამოფენაზე დაეთვალიერებინათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები.
ღონისძიებაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ თალაკვაძის მიერ, სპეციალური ნომინაციებით დაჯილდოვდნენ საპატიო მოქალაქეები. ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის, ქალბატონ ნანა გოთუას საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ქალაქის საპატიო მოქალაქეებისთვის, ვანო ჩხარტიშვილმა სპეციალური ფულადი ჯილდო დააწესა. დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა.