გურიაში, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დასრულდა. ფესტივალი ათი დღის განმავლობაში ოზურგეთის დრამატულ თეატრში მასპინძლობდა სტუმრებს, მსახიობებმა სცენაზე ოცდაათამდე საუკეთესო სპექტაკლი ითამაშეს.
ნომინაციაში საუკეთესო სპექტაკლი კი, ფესტივალის გამარჯვებულია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სპექტაკლისთვის„კაცია-ადამიანი?!“, რომელიც ყველასთვის საყვარელმა რეჟისორმა, ლევან წულაძემ დადგა.
დახურვის ცერემონიაზე პროექტის გენერალურმა სპონსორმა „სმარტ კაპიტალჯგუფი“ და „ფონდი ქართული გალობა“, გამარჯვებული თელავის თეატრი ფესტივალის სიმბოლური პრიზით და წელს პირველად დაწესებული ფულადი პრემიით – 10 000 ლარით დააჯილდოვა.
აღნიშნული ჯგუფისა და ფონდის დამფუძნებლები ვანო ჩხარტიშვილი და ნანა გოთუა უკვე მრავალი წელია ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების ინიციატორი და ერთგული მხარდამჭერები არიან. ფესტივალი 2016 წელს დაფუძნდა და უკვე მესამე წელია ტარდება. წელს საქართველო 8 ქვეყანასთან ერთად, 17 სპექტაკლით წარსდგა. ღონისძიება რობერტ სტურუას საავტორო სპექტაკლით, 5 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა.
2018 წელს ფესტივალის მასშტაბის გაზრდის მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს ქართველი მწერლების თანამედროვე დაკლასიკური ნაწარმოებებიც დაემატა. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული და გამორჩეული იყო, არა მხოლოდ მრავალფეროვანი პროგრამით, არამედ სტუმრებითაც. წელს ოზურგეთის დრამატული თეატრის სამ განსხვავებულ სივრცეში ფესტივალის მანძილზე საზოგადოებამ 26 სპექტაკლი იხილა.