საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობს. პრინცესის ვიზიტი მიმდინარეობს ფონდ „აი იას“ ეგიდით, რომელიც შეიქმნა სმენადარღვეული ბავშვების რეაბილიტაცია-აბილიტაციისთვის. ფონდის დამფუძნებელი გახლავთ ვანო ჩხარტიშვილი და მისი მეუღლე ნანა გოთუა. „აი ია“ უკვე წლებია ემსახურება სმენადაქვეითებული ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს.
ვიზიტის ფარგლებში პრინცესამ მის მასპინძლებთან − ფონდ „აი იას“ დამფუძნებლებთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ასევე სხვა საპატიო სტუმრებთან − ერთად ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერა.
საპატიო სტუმართა შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჟოელ ბუზუ და მონაკოს სამთავროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის დირექტორი იზაბელ ბონალი.
დელეგაციის წევრები სპორტულ კომპლექსში მდებარე რაგბისა და ფეხბურთის მოედნებზე ახალგაზრდა სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრნენ. მონაკოს სამთავროს სახელით პრინცესამ სარაგბო კლუბს მიკროავტობუსი გადასცა.
ვიზიტი საქველმოქმედო ფონდ „აი იაში“ დასრულდა, სადაც მის უდიდებულესობას ფონდის დამფუძნებლებისგან გადაეცა ბორდის საპატიო წევრობის სიგელი დასტურად და მადლიერების გამოსახატავად იმ ზრუნვისთვის, რომელსაც პრინცესა ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში. პრინცესას ასევე გადაეცა ჯილდო „მადლიერების ჩიტი“, ვინაიდან ფონდი „აი ია“ იზიარებს და ამ ფორმით მადლიერებას გამოხატავს მისი მხარდაჭერისთვის ბავშვთა დაცვისა და მათი ზრუნვის საკითხებში.