საქართველო ღვინის უძველესი სამშობლოა და ოდიდგანვე ცნობილია სტუმარმასპინძლობით, კახეთი კი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია, რომლის მნიშვნელოვან, განუყოფელი ნაწილსაც შილდა წარმოადგენს. სწორედ აქ, შილდაში, უახლესი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიით აღჭურვილ ქარხანაში, „სმარტ კაპიტალის ჯგუფი“ უძღვება მეღვინეობას.
წარმოებაში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, პროდუქტი კი იმ ტრადიციების საფუძველზე იქმნება, რაც არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ძვირფასია.

მეღვინეობა შილდა
„მეღვინეობა შილდა“ 2015 წელს შეიქმნა, თუმცა ღვინის სიყვარული და ტრადიციები საუკუნეებს ითვლის. მეღვინეობა განთავსებულია კახეთის რეგიონში, სოფელ შილდაში, და აღჭურვილია თანამედროვე იტალიური თუ ფრანგული ენერგოეფექტური დანადგარებით.
„შილდას“ მთავარი ღირებულება ძველი ტრადიციების შენარჩუნება და ამ მემკვიდრეობის ახალი ინიციატივებით, ხედვებით განვითარებაა. კომპანიის გუნდი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობითაა წარმოდგენილი, რომელთა დაუღალავი შრომითაც იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინო, ბრენდი და ჭაჭა.
პრინცი იოანე ბაგრატიონი − პრემიუმკლასის ღვინო
საქართველოს სამეფო ოჯახის წევრმა პრინცმა იოანე ბაგრატიონმა „მეღვინეობა შილდასთან“ ერთად სამეფო ღვინის ახალი ბრენდი შექმნა. ბრენდი აერთიანებს სხვადასხვა სახეობის პრემიუმკლასის ღვინოებს, მისი მთავარი მიზანი კი უმაღლესი კლასის პროდუქტის შექმნით ქვეყანაში ღვინის წარმოების გამდიდრება და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან კულტურაში საკუთარი წვლილის შეტანაა.
საქართველოში მეღვინეობა 8 000 წლის წინ წარმოიშვა, რაც Unesco-ს მიერ აღიარებული და დადასტურებულია; ბაგრატიონთა საგვარეულო კი ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიაა მსოფლიოში, რომელსაც ქართული ღვინის წარმოებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილის ხანგრძლივი ისტორია აქვს. პრინცი იოანე იცავს ქართული მეღვინეობის ტრადიციულ მეთოდებს და ამავდროულად სძენს მას ახალ სიცოცხლესა და ინოვაციას.


რუსთაველი
„მეღვინეობა შილდას“ ერთ-ერთი ბრენდია „რუსთაველი“. ამ სახელის ქვეშ გაერთიანებულია როგორც ქართული ვაზის განსაკუთრებული ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოები, ასევე მრავალწლიანი დაძველების, ე.წ საოჯახო მარაგის, საკონიაკე ბრენდები.
ესენია 50-წლიანი დაძველების კონიაკი “X.O.”, ლიმიტირებული რაოდენობით „საფერავი“ და ქვევრის „საფერავი“, ასევე, „ცოლიკაური“, „კრახუნა“ და „შარდონე“. ეს ჯიშები საქართველოში მცირე რაოდენობით მოდის. სწორედ ამის გამო „რუსთაველის“ ბრენდის ქვეშ ლიმიტირებული რაოდენობით წარმოებული განსაკუთრებული ღვინოების სპექტრია თავმოყრილი.
კაკაბაძე
„კაკაბაძე“ ჩვენი მეღვინეობის განსაკუთრებული ბრენდია, რომლის საშუალებითაც წარმოდგენილია არა მხოლოდ უძველესი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოები, არამედ ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის, ნახატების სერიის, „იმერული პეიზაჟების“, მიხედვით დამზადებული ეტიკეტები.
ამ ფორმით გამოხატულია 2 ეროვნული მნიშვნელობის კულტურის, ღვინისა და ხელოვნების, ტანდემი. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ნამუშევრების ეტიკეტზე დატანის უფლება ექსკლუზიურად მხატვრის ოჯახის თანხმობის საფუძველზე მიიღო.
